ქართული ტერმინოლოგია – დილემა

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გულისტკივიული ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის შესახებ რომელმაც ბოლო კვირების მანძილზე არცთუ ცოტა დრო წამართვა და შეიძლება ითქვას ჩემი მცდელობები მთელი რიგი ტერმინებისა თუ ფრაზების ქართულად თარგმნასთან დაკავშირებით სრული კრახით დასრულდა.

პრობლემა თავისთავად რთულია და ერთის მხრივ შესაძლებელია რომ ამ პრობლემას ჩემი მხრიდან ქართულის არასათანადო ცოდნაც ამძაფრებს… მაგრამ… ეგება ვინმემ მიმითითოს ავტორიტეტულ წყაროზე ან ჯგუფზე ვინც ამ ტერმინების თარგმნით არის დაკავებული? კი ვიცი რომ ითარგმნება მთელი რიგი პროგრამული პაკეტები არსებობს გაქართულების ჯგუფები და ა.შ. მაგრამ მოდით რეალურად შევხედოთ პრობლემას. ერთია როდესაც თარგმნი “checkbox” – ს და მას არქმევ თოლიას(ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი თარგმანია და ალბათ შინაგანად ვერასოდეს დავძლევ ბარიერს და ვერ გამოვიყენებ ამ ტერმინს), მაგრამ, მეორეა როდესაც უნდა თარგმნო ამ სფეროში დამკვიდრებული ისეთი სიტყვები და ფრაზები რომლებსაც განსაკუთრებული მნიშნველობა აქვთ შეძენილი კონტექსტიდან გამომდინარე.

ქვემოთ ჩამოვწერ ჩემის აზრით პრობლემურ სიტყებსა და ფრაზებს და ძალიან მოხარული ვიქნები თუ მცირედიც მაინც დამეხმარებით მათ თარგმნაში.

ჩემს შემთხვევაში პირველი და ყველაზე მნიშნველოვანი ფრაზა რის თარგმნასაც რამდენიმე წელია ვცდილობ და ვერაფრით ვერ მოვახერხე არის Content Management System(CMS). CMS – ის თარგმნა რამდენჯერმე ვთხოვე ქართულის ჩემზე გაცილებით უკეთ მცოდნე პიროვნებებს… თუმცა რა შედეგი მივიღე? არაფერი! და რატომ? პირველ რიგში Content – ის თარგმანის სავარაუდო ვარიანტებია “შინაარსი, შიგთავსი, არსი და ა.შ.” როგორც არ უნდა ვუტრიალოთ ამ სიტყვის ასეთი თარგმანი აბსოლუტურად არაფერს არ გვაძლევს, და რატომ? იმიტომ რომ კონკრეტულად “Content Management System” – ის კონტექსტში ეს სიტყვა მოიცავს გაცილებით მეტს ვიდრე უბრალოდ შინაარსს, კერძოდ კი კონტენტი ეს არის კომპლექსური მონაცემის ტიპი რომელსაც გააჩნია აზრი(meaning) და კონტექსტი. პირობით მაგალითად რომ განვიხილოთ ამ ბლოგის პოსტები, აღმოვაჩენთ რომ თითეულ ბლოგ პოსტს გარდა თავად პოსტისა გააჩნია სხვადასხვა ატრიბუტები(სათაური, გამოქვეყნების დრო, კატეგორა/კატეგორიები(შეიძლება განვიხილოთ როგორც კონტექსტი), ავტორი და ა.შ. გამომდინარე აქედან ბლოგ პოსტი ზოგადად არის სპეციფიური კონტენტის ტიპი. ახლა ისმის კითხვა შესაძლებელია რომ ცალკეულ ბლოგ პოსტს ვუწოდოთ მარტივად შინაარსი ან შიგთავსი? არ ვიცი მე პირადად ვერანაირ ასოცირებას ვერ ვახერხებ კონტენტთან… თუ ვცდები შემისწორედ ამით ძალიან გამახარებთ…

და რა მოხდება თუ წერისას ან საუბრისას უბრალოდ გამოვიყენებთ ფრაზას “კონტენტის მენეჯმენტის სისტემა”? რა დაშავდება ამითი? ხომ არ ჯობია თარგმნის ნაცვლად თამამად გამოვიყენოთ ასეთი პრობლემური სიტყვები/ფრაზები რომლებმაც ინდუსტრიაში გარკვეული გავრცელება ჰპოვა და სპეციფიური დატვირთავა შეიძინა? თუ ამ საკითხთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ პროტესტის გრძნობა, აბა მითხარით როგორ გადათარგმნით “Enterprise Java Beans(EJB)”? არა მითხრას ვინმემ? ვთარგმნოთ პირდაპირ? და იცით რას მივიღებთ?

Enterprise Java Beans(EJB) – საწარმოო ყავის მარცვლები აი ვინმემ მითხრას ახლა რა შუაშია საწარმოო ყავის მარცვლები?

თუ წინა ორი მაგალითი არ არის საკმარისი აბა სცადეთ თარგმნოთ “widget“, ძალიან მაინტერესებს როგორ უნდა ითარგმნოს ეს სიტყვა რომელიც ვების კონტექსტში შეიძლება განვმარტოთ როგორც – Interactive mini application that delivers content and functionality to the user. თუმცა კონტექსტიდან გამომდინარე ვიჯეტს სხვა განმარტებებიც გააჩნია…

მოკლედ ეს არის ის მცირედი რაც დღეს შემიძლია ვთქვა, თუმცა შეძლებისდაგვარად შევეცდები უფრო მეტი დავწერო ამ საკითხის ირგვლივ. იმედი მაქვს ამ ტკივილს გარკვეული რჩევებით გამიქარწყლებთ :)

ტეგები:

21 Responses to “ქართული ტერმინოლოგია – დილემა”

  1. Dv0rsky says:

    დაგლიჯა, Enterprise Java Beans რაღაც ”კორპორაციული ყავის მარცვლებია” ხო? :)

    სხვათა შორის, თოლია და ხატულა (იკონკა) არც მე მომწონს, რაღაც ცუდად ხვდება ყურს.

    აი, http://www.face.ge/ ლოკალიზაცია როცა გავაკეთეთ, ბევრი ასეთი შეკითხვა გაგვიჩნდა, გაგვიჭირდა კიდეც ახალი სიტყვების მოგონება, მაგრამ როგორც ჩანს, სხვა გზა არაა.

    სხვათა შორის, ”თოლიას” მოვლენას ასე ავუარეთ გვერდი – არსებითის ნაცვლად ზმნას აჯენ და წერ ”მონიშნეთ ეს ფუნქცია” ან ”მოხსენით მონიშვნა” – სადაც ”მონიშვნაში” თოლია იგულისხმება.

    მგონი ესე უფრო სწორია, წინადადების წყობაც კი შეიძლება შესაცვლელი გახდეს, და ქართული ენის თავისებურებებიდან გამომდინარე სულაც არაა საჭირო, არსებითი სიტყვა არსებითითვე თარგმნო.

  2. @Dv0rsky

    ამ შემთხვევაში თოლია არ არის პრობლემა, ეგ ზოგად მაგალითად მოვიყვანე და ტრაგედიას რეალურად ვერ ვხედავ მაგ თარგმანში..

    მაგრამ აი რა ვუყოთ Content Managment, Enterprise Java Beans, Widget, Gadget, Entity და მსგავს ტერმინტებს?

  3. ყავის მარცვლებს რაც შეეხება ეგეც ნაჯახის მეთოდით თუ ვთარგმნით მასე გამოდის თორემ Java Beans რეალურად გაცილებით სხვა მნიშვნელობას ატარებს და წარმოდგენა არ მაქვს როგორ უნდა ითარგმნოს :D

  4. Rocko says:

    უჰ, როგორ მიყვარს ეს თემა ^_^ :) )

    მოკლედ, ჯერ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ქართული ტერმინოლოგიის დამკვიდრება პირველ რიგში მომავალი თაობებისთვისაა გამიზნული. ჩვენთვის იმიტომ არის უცხო და ყურისთვის უხეში ან „თოლია“ და ან „მალსახმობი“, რომ კომპიუტერთან პირველი შეხების დღიდანვე მხოლოდ ინგლისური ტერმინების გარემოცვაში ვიყავით. არც ნებისმიერი პროგრამული პაკეტის ან OS-ის ლოკალიზების პროექტი იქმნება იმ იმედით, რომ აქტიური მომხმარებლების დიდი ნაწილი გადმოერთვება ქართულზე. უბრალოდ, მომავალი მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად ქართული გარემო უნდა იყოს შექმნილი. და, რაც მთავარია, უნიფიცირებული ტერმინებით.

    ტერმინოლოგიის საკითხზე მართლაც უამრავი ჯგუფი იყო ჩამოყალიბებული. თუმცა, ყველაზე დიდი მოცულობის ლექსიკონები ორმა ჯგუფმა – UGT/MS-მა და GIA.GE-მ შეიმუშავეს. კონკრეტულ ტერმინებზე დავა ყოველთვის იქნება, ყოველთვის იარსებებს ერთი ან ორი ადამიანი, ვისაც რომელიმე ტერმინის რომელიმე ვარიანტი არ მოეწონება. მაგრამ რაც შეიძლება მალე უნდა შევთანხმდეთ ერთ კონკრეტულ დე-ფაქტო სტანდარტზე და ყველანი უნდა მივყვეთ მას. რათა მომავალში დაბნეულ მომხმარებელს ერთ პროგრამაში „ფოლდერი“ არ შეხვდეს, მეორეში – „საქაღალდე“ და მესამეში – „დირექტორია“ :) )

    ამ ორი ჯგუფიდან ჩემთვის უფრო მისაღები UGT/MS-ის ტერმინებია. ძირითად პრინციპებზე ეს ორი ჯგუფი თანხმდებოდა, მაგრამ GIA.GE-ს ზოგიერთი ტერმინი „ზედმეტად“ ქონდა ნათარგმნი, რაც ყველაზე მეტად არ მიყვარს მე. იგულისხმება ისეთი სიტყვების თარგმნის მანია, რომელიც დიდი ხანია უკვე სალაპარაკო (არა მხოლოდ ტექნიკურ) ქართულში გაჯდა და ბუნებრივად გამოიყენება. ენა ცოცხალი არსებაა, მუდმივად იკრებს ახალ-ახალ სიტყვებს და რაღაც ზღვრამდე მისულს ხელი არ უნდა შევუშალოთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ენაში არ გაქვს ამ უკვე გამჯდარი სიტყვის ზუსტი შინაარსობრივი შესატყვისი.

    ზუსტად ასეთი შემთხვევაა „კონტენტი“. როგორც დაწერე, „შიგთავსი“ არ აღწერს თავიდან ბოლომდე ამ სიტყვის მნიშვნელობას. თანაც, ეს ტერმინი IT-ხალხისგან დამოუკიდებლად სხვა წრეებშიც დიდი ხანია ხმარებაშია (ბიზნესი, განათლება, ა.შ.) ამიტომ მისი თარგმნის მცდელობები და მთვარეზე სალტოების კეთება – უბრალოდ წყლის ნაყვაა. ამიტომ კაი ხანია, რაც CMS-ს ვთარგმნით, როგორც „კონტენტის სამართავ სისტემას“ (და არა „მენეჯმენტის სისტემას“, რადგან „მენეჯმენტის“ აბსოლუტურად ზუსტი შესატყვისი გვაქვს ქართულში). მაგალითად, http://omedia.ge/products/ :) )

    რაც შეეხება EJB-ს, ვინ თქვა რომ უნდა ითარგმნოს? ჩვეულებრივი ბრენდნეიმია, რომელიც არ ითარგმნება. გინახავს სადმე მაღაზია „ბენეტონის გაერთიანებული ფერები“? :) ) ან „ვაშლის მე-მაკი“? :) )

    სხვათაშორის, დღემდე მიდის დავა, უნდა ითარგმნოს თუ არა მაუსი „თაგვად“. არადა, ჩემი აზრით, საკმაოდ მარტივადაა საქმე – არ უნდა ითარგმნოს. რადგანაც „მაუსი“ უკვე კონკრეტული მოწყობილობის (და არა „დივაისის“ :D ) სახელია, ისეთი, როგორიც ტელევიზორი მაგალითად. უნდა გვეთარგმნა თავის დროზე „შორსხედვად“? :) )

    იგივე ეხება „ვიდჯეტსაც“ ჩემი აზრით. შეიძლება ამ შემთხვევაში ახალი ტერმინის შექმნა არსებული ქართული სიტყვების სინთეზით, როგორც მაგალითად „მალსახმობის“ (shortcut) შემთხვევაში მოხდა, მაგრამ თუ არ ხერხდება, არანაირად არ არის „widget“-ის „ვიდჯეტად“ დამკვიდრება ტრაგედია.

    … ჰოდა, ჩვეულებრივ საუბრებში და მიმოწერაში რათქმაუნდა მეც ვხმარობ ხოლმე უთარგმნელ ტერმინებს, მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტაციებში, აღწერაში, სტატიებში და სხვა მსგავს პუბლიკაციებში ყოველთვის ვცდილობ უკვე არსებული ტერმინების გამოყენებას. რაც უფრო ხშირად შეხვდება ეს ტერმინები ახალ მომხმარებელს, მით უფრო მალე მიეჩვევა მათ და ნელ-ნელა მით უფრო ნაკლებად მოჭრის ყურს გამოცდილ მომხმარებლებსაც. თანაც, ნამდვილად ძალიან მომწონს რამდენიმე ტერმინი განსაკუთრებით :) თუნდაც იგივე „თოლია“. არაჩვეულებრივი ტერმინია და (თუ არ ვცდები) მადლობა წკაპოს ამისთვის.

    შევეცდები გიშოვო UGT/MS-ის ტერმინოლოგიის ბაზა, საიტი გათიშული აქვთ ახლა. მანამდე კი, თუ დაგჭირდა რამის თარგმნა, მომ-buzz-ე სადმე :) ) ზეპირად ვიცი თითქმის მათი მთელი ლექსიკონი. :) )

  5. @Rocko

    ძალიან ძალიან დიდი მადლობა ასეთი ვრცელი კომენტარისთვი!

    პირველ რიგში თოლია ჩემთვის არის რთულად გამოსაყენებელი ტერმინი, თუმცა ზოგადად მაგ ტერმინის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს :D

    კონტენტის სამართავ სისტემას რაც შეეხება აქ “მენეჯმენტი” ან “მართვა” გადამწყვეტი არ არის.. ვერცერთის გამოყენებაში ვერ ვხედავ პრობლემას მაგრამ თავად “კონტენტი” რომ არ უნდა ითარგმნოს მაგ აზრზე ვარ მეც და ზუსტად მაგიტომ დავწერე დღეს ეს პოსტი, უბრალოდ მაინც კამათის საკითხია და ვერაფრით ვერ მივაგენი მაგ ტერმინის შესაბამის ქართული თარგმანს.

    ერთადერთი ოდნავ პრობლემატური ამ შემთხვევაში არის CM – ის გამოყენება ცალკე CMS – ისგან დამოუკიდებლად. მაგალითად ასეთი ფრაზა: “what is content management”? როგორ ვთარგმნოთ? რას ნიშნავს კონტენტის მართვა?

    ასეთ შემთხვევაში პრობლემის სათავედ ჩემთვის არის ის რომ CM(Content Management) შეგვიძლია ვუწოდოთ როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე ინფორმაციის დამუშავების ბიზნეს პროცესს და ზოგადად როგორც ინფორმაციული სისტემების ერთერთ დამოუკიდებელ მიმართულებას.

    ცალკე აღებული “მართვა” შეესაბამება პირობითად “მენეჯმენტს” მაგრამ რამდენად უნივერსალურად ჯდება მაგ კონტექსტში?

    აი EJB ძალიან რთული პრობლემაა… კი გასაგებია რომ არ ითარგმნება ბრენდნეიმები მაგრამ თავისთავად “Enterprise Java Beans” მოიცავს ძალიან დიდი და კომპლექსურ საკითხს თუმცა სრულად გადმოსცემს მის მნიშვნელობას. ქართულად ელემენტარული განმარტება ხომ არის საჭირო თუ რა არის EJB? “ენტერპრაიზ ჯავა ბინები”? :D ცოტა ისეთია რაღაცნაირი :D

    თუ არ მოუძებნი შესატყვისს კონფლიქტი გამოგდის სიტყვაზე “HTML” აბევიატურასთან რომელიც როგორც “ჰიპერტექსტური მარკირების ენად” ითარგმნება… რა გამოდის რომ HTML რახან თარგმნადია უნდა ვთარგმნოთ და ამ დროს EJB – სთვის ელემენტარული განმარტებაც არ გვქონდეს?

    აქ დილემა იმდენად ცალკეული ტერმინების თარგმნაში არ არის რამდენადაც ელემენტარული განმარტებების არ ქონაშია.

    ჰო აი Widget თავისთავად საინტერესო მაგალითია და მაგის თარგმნას 100% – ით არანაირი აზრი არ აქვს… აი რა შესატყვისი უნდა მოუძებნო? ვიჯეტია რა :D

    მაუსის და თაგვის ამბავში აშკარად “მაუსის” მომხრე ვარ!

  6. ხო კიდევ ცალკე აღნიშვნის ღირსია “Enterprise” რომელიც ერთგვარ ე.წ. buzzword – ად იქცა და საკმაოდ მრავლის მეტყველია თავის მხრივ :D

    აი ავიღოთ და ვთარგმნოთ როგორც “საწარმო” და გამოვიყენოთ მაგალითად ECMS – ის შემთხვევაში:

    ინგლისური: Enterprise Content Management System
    ქართული: საწარმოო კონტენტის სამართავი სისტემა

    აი “საწარმოო” არანაირად არ არის buzzword არ მოიცავს მთელ იმ წინააღმდეგობებსა და მარკეტინგულ ომებს, ტექნოლოგიებს და მთელ რიგ კომპანიებს რომლებიც ამ ტემინთან ასოცირდებიან და/ან სპეკულირებენ :D

  7. Enterprise ძალიან საინტერესოა და ძალიან ბევრნაირად გამოიყენება:

    Enterprise Java Beans(EJB)
    Java Enterprise Edition(JEE)
    Enterprise Ready
    Enterprise Content Management(ECMS)
    Enterprise Architecture
    Enterprise vs Agile :D

    და ასე შემდეგ და ასე შემდეგ… გარკვეულწილად სხვა დამატებითი მნიშვნელობა აქვს შეძენილი ამ სიტყვას და “საწარმო” ცოტა ისეთია “წვენებში ვმუშაობ” :D

  8. Rocko says:

    ასეთ შემთხვევაში პრობლემის სათავედ ჩემთვის არის ის რომ CM(Content Management) შეგვიძლია ვუწოდოთ როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე ინფორმაციის დამუშავების ბიზნეს პროცესს და ზოგადად როგორც ინფორმაციული სისტემების ერთერთ დამოუკიდებელ მიმართულებას.

    so what? :) )
    მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. თუ ამერიკელისთვის ეგ ორი სიტყვა შეიძლება ნიშნავდეს როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ისე – ბიზნეს პროცესს, ქართულ ვარიანტში რატომ გგონია, რომ არ შეიძლება მოიცავდეს ამ ორივეს?

    HTML და EJB-ს რაც შეეხება, მარტივი მომენტია მგონი. HTML, თავად აბრევიატურა იშიფრება იმგვარად, რომ მისი თარგმანი გასაგებია სფეროში გარკვეულისთვის. თუმცა, ძალიან იშვიათად იხმარება გაშიფრული ქართული აბრევიატურა, მაქსიმუმ რამე სტატიაში ტერმინის წარმოშობის განმარტებისას. ჰოდა, იგივე სიტუაციაში შეიძლება EJB-ც განიმარტოს, როგორც “Java-ს საწარმოო ნაწილები” ან რამე ამდაგვარი :) ) (Java თავის მხრივ – ბრენდია) თუმცა, დამატებითი ახსნის გარეშე ეს ისევეა გაუგებარი ქართველი მკითხველისთვის, როგორც ალბათ “Enterprise Java Beans” – ამერიკელისთვის.

  9. @Rocko

    so what? :) )
    მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. თუ ამერიკელისთვის ეგ ორი სიტყვა შეიძლება ნიშნავდეს როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ისე – ბიზნეს პროცესს, ქართულ ვარიანტში რატომ გგონია, რომ არ შეიძლება მოიცავდეს ამ ორივეს?

    არ მგონია რომ არ შეიძლება მოიცავდეს ორივეს :D შეკითხვას ვსვავ უბრალოდ რამდენად უნივერსალურად ჯდებათქო.

    Enterprise – ზე რას იტყვი? :D

  10. Rocko says:

    ჰო, Enterprise-ის თარგმნა მართლა მძიმე ამბავია. ამ კონტექსტებში სოლიდურობას და პრემიუმობას უსვამს ეგ სიტყვა ხაზს… ამიტომ რამე შესაბამისის მისადაგება შეიძლება ქართულშიც.

  11. Rocko says:

    შეკითხვას ვსვავ უბრალოდ რამდენად უნივერსალურად ჯდებათქო.

    ეგეც შეჩვევის ამბავია რა :) ) პირობითია ტერმინში უნივერსალურობაც. თუ ეცოდინება მკითხველს კონტექსტიდან გამომდინარე რა იგულისხმება, მიხვდება. და თუ არა – მაშინ ვერც Content Management-დან ვერ გამოიტანს აზრს.

  12. @Rocko

    ჰო, Enterprise-ის თარგმნა მართლა მძიმე ამბავია. ამ კონტექსტებში სოლიდურობას და პრემიუმობას უსვამს ეგ სიტყვა ხაზს… ამიტომ რამე შესაბამისის მისადაგება შეიძლება ქართულშიც.

    მანდ ვარ მეც… არ არის უბრალოდ თარგმანის მოძებნა საკმარისი … ტერმინს მთელი სიცხადით უნდა ასახავდეს ნათარგმნი. მაგიტომ არის რომ განვიცდი მაგ პრობლემას :)

  13. Samurai says:

    მე მგონი ზოგიერთ შემთხვევაში მართლა არ აქვს აზრი ქართული შესაბამისი სიტყვის მოძებნას. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ინგლისურად თვითონ ის ტერმინიც ახალია. მაშინ ქართულადაც ახალი სიტყვა უნდა მოვიგონოთ.

    მაგალითად ვიჯეტი – ეს სიტყვა არსებობდა მანამდე, სანამ ახლანდელი ვიჯეტის ფუნქციას აიღებდა?
    ვერ ვიპოვე სხვა თარგმანი და ისეთი დასკვნა გამოვიტანე რომ ამ მიზნისთვის შეიქმნა თავიდანვე.

  14. Crusader says:

    ძალიან მტკივნეული თემაა.
    ველოდები იმ დროს, როდესაც ტერმინოლოგიის თარგმნა პროგრამისტისთვის დამატებითი თავის ტკივილი არ იქნება.

  15. სოსო,

    ჩვენ თუ არ მივხედეთ საქმეს, პასკალზე ხელგაწაფული ლინგვისტების ნათარგმნით ვიძახებთ “დაპროგრამებას” და ვიქნებით მასე. ასე რომ – იცი რაც სჭირდება ამას.

  16. კოკო says:

    ხოო ამ საკითხზე ბევრი მიფიქრია… რაც შეეხება Content management system-ს ამ შემთხვევაში შეიძელბა content-ი პირდაპირ არ ვთარგმნოთ და მის მაგივრად ვთქვათ ვებ საიტი (რომელიც თავის მხრივ შეიძლება ითარგმნოს ქართულად) და გამოვა “ვებ საიტის მართვის სისტემა” ქართულად ყველაზე მისაღები ჩემთვის ეს ვარიანტია…

    ამ თემაზე დიდი ფიქრის შემდეგ გადავწტვიტე რაიმე საიტისებრი გამეკეთებინა (ჯერ თავი ვერ მოვაბი), სადაც იქნება გამოკითხვები ვთქვათ სიტყვა checkbox და მისი შესაბამისი ქართული შესატყვისების ვარიანტები, თუ ხალხი მიიღებს მონაწილეობას, მაშინ დავადგენთ როგორ ჯობია checkbox-ი ვთარგმნოთ თოლია, პტიჩკა თუ დავტოვოთ როგორც არის…

    მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ქართული როგორც არ უნდა იცოდე შესატყვისის მოძებნა ცოტა არ იყოს გაგიჭირდება იმიტომ რომ არ არსებობს შესაბამისი ქართული სიტყვა.

    შეგვიძლია არსებული სიტყვების გამოყენების მაგივრად სრულიად ახალი სიტყვები მოვიგონოთ მაგ. თურქულად კომპიუტერი არის “ბილგისაირ”, სიტყვა რომელიც ალბათ სხვა არც ერთ ენაზე ნათარგმნი არ არის.

  17. სოსო says:

    content management
    საიტების მართვის სისტემა და ნოუ პრობლემ. შენ თუ გინდა რო სიტყვასიტყვით თარგმნი თან აზრიანად და თან მოკლედ მაშინ ტყუილა გაქ იმედი.

  18. @კოკო
    @სოსო

    “ვებ საიტის მართვის სისტემა” ან “საიტების მართვის სისტემა” რა შუაშია “Content Management” – თან? კონტენტის მართვის სისტემა შეიძლება საერთოდ დესკტოპ აპლიკაცია იყოს და მხოლოდ შიდაორგანიზაციული საქმიანობისთვის გამოიყენებოდეს…

    ვებ საიტი არანაირად არ ნიშნავს კონტენტს..

  19. Alecoder says:

    მემგონი ტერმინოლოგიას მაინც ტერმინოლოგიით უნდა გაეცეს პასუხი, ოღონც შედარებით მისაღებ ვარიანტში ვიდრე თოლია, ხატულა და მსგავსები.
    იდეაში ჩემი მოკრძალებული აზრით ისიც აკეთებს თავის გავლენას რო
    ჩვენი ენაც რაღაც მომენტში შეუთავსებელია მარა მეორეს მხრივ ენა რა შუაშია როცა მიჯაჭვული ვართ იმაზე რაც დეფაულტად მოყვენა ყველაფერს და გაქართულების იქეთ გზა არაა? როცა ტექნიკური დავალებები არ წყდება და არ იქმენა რეალური და ფართომაშტავიანი პროდუქტები ცოტა ძნელია იფიქრო და გამოსავალი იპოვო მოცემული პრობლემიდან.

  20. სანდრო says:

    სად ხარ ტო :(

  21. ლუკა says:

    მე ვფიქრობ რომ მთავარი არი რაღაცა უაზრობა სუროგატი სიტყვები რომელსაც ან ვერავინ ვერ ხვდება რას ნიშნავს და ან ყველა ღადაობს, არ გამოვიყენოთ.
    თოლია იგივეა რაც თაგუნა. ბლანკში პწიჩკას თოლია ხო არ ერქვა არასოდეს? ჰოდა რაღა კომპიუტერში დავუძახოთ? :D
    ტერმინი თუ კარგად არ ითარგმნება არ ნიშნავს იმას რომ რამე მიფუჩეჩებული სახელი დავარქვათ მაგალითად ხატულა. ვინ გინახიათ რო რეალში იკონკას ხატულას ეძახდეს ან shortcut-ს მალსახმობს? =)))) მე არავინ.
    ძაან კაი, ყველას თქვენნაირი შეხედულება რო ქონოდა UGT და მსგავს პროექტებში, ეხლა უაზრო ქართული ვინდოუსი არ გვექნებოდა.
    kg

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"